მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ხელისუფლებას სკოლის მოსწავლეებზე მიზანმიმართულ ფსიქოლოგიურ ტერორში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა მანანა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, სკოლებში სწავლა ისე დაიწყო, რომ ეს პროცესი მინისტრის ბრძანებით არ დამტკიცებულა. ასევე, არ არის დამტკიცებული სასკოლო შეფასების ახალი სისტემა, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.
"ზედაპირულია და ყოველგვარ მეცნიერულ თუ პრაქტიკულ საფუძვლებსაა მოკლებული აღნიშნული შეფასების მიზანი და განხორციელების გზები. არ ხდება სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლის განვითარებისთვის ხელის შეწყობა, არ ფასდება სწავლის პროცესი; მასწავლებლის მინიმალურ ხელფასში არ არის გათვალისწინებული განმავითარებელი შეფასების პროცესთან დაკავშირებული სამუშაოები", - აღნიშნავს მან.
მისივე განცხადებით, აუცილებელია შეწყდეს ეს და ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ მინისტრის ბრძანებაში დაუყოვნებლივ შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე და პროგრესული შეფასების სისტემის შექმნას.