საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიერ მორელს შეხვდა.
შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკებების 14 ოქტომბერს დაგეგმილი მორიგი რაუნდის დღის წესრიგი და საქართველოში სექტემბრის ბოლოს თანათავმჯდომარეების დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას მიესალმა, რომლითაც ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ერთი წლით გაუგრძელდა მანდატი 2011 წლის სექტემბრამდე.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეული უნდა იქნას კონკრეტული შედეგები 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულებასთან და საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაყვანასთან დაკავშირებით.
ვაშაძის შეფასებით, დევნილების დაბრუნებაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში პროგრესის არარსებობა ნათლად მეტყველებს მოსკოვის და მისი მარიონეტული რეჟიმების მხრიდან დევნილების ღირსეულ და უსაფრთხოდ დაბრუნებასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი ინდიფერენტულობაზე.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს აქტიური და კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველო-რუსეთს შორის არსებული ძირეული განსხვავებების მოწესრიგების და ქვეყნის სრული დეოკუპაციის მიზნით.