საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს თორბიორნ იაგლანდს შეხვდა.
მხარეებმა საქართველო-ევროსაბჭოს ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე გაკეთდა.
ვაშაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია ევროპის საბჭომ გააგრძელოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესწავლა და ომის შედეგად დარღვეული ვალდებულებების მონიტორინგი.
ქართულმა მხარემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი 2010 წლის შემოდგომაზე გენერალური მდივნის მორიგი კონსოლიდირებული მოხსენების გამოქვეყნების მნიშვნელობას, რადგან გენერალური მდივნის მხრიდან სიტუაციის ობიექტური აღწერა დიდ გავლენას ახდენს ევროპის საბჭოს სანდოობასა და რეპუტაციაზე.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაში ევროპის საბჭოს ჩართვის პერსპექტივები და კონკრეტული ღონისძიებები.