სასტუმრო "ქორთიარდ - მარიოტში" დაიწყო მრგვალი მაგიდა სახელწოდებით -"საქართველოში კონსტიტუციური პროცესის მიმდინარეობს", სადაც ერთმანეთს არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო საკონსტიტუციო, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიების, ხელისუფლების, ოპოზიციის წარმომადგენლები და ექსპერტები კონსტიტუციის განხილვის პროცესის მიმდინარეობაზე მსჯელობს.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ, ჟურნალისტებთან საუბარში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია ქვეყნის საპარლამენტო მოწყობას უჭერს მხარს. მისი თქმით, მსგავსი კონფერენციები პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა გამოიყენონ იმისათვის, რომ კონსტიტუციის იდეალურ ვარიანტს მიუახლოვდნენ
"ქრისტიან - დემოკრატები" და ჩვენი მხარდამჭერები მხარს ვუჭერთ ქვეყნის მოწყობის საპარლამენტო მოდელს. საკონსტიტუციო ვარიანტი ალბათ ძალიან ბევრ შესწორებას მოითხოვს იმისათვის, რომ მივუახლოვდეთ იდეალურ ვარიანტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინდეფერენტულები ვიყოთ ამ პროცესის მიმართ. ჩვენ სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს და ჩვენი მოვალეობაა, რაც შეიძლება დადებითი გავლენა მოვახდინოთ ამ განხილვების პროცესზე", - განაცხადა თარგამაძემ.
"მემარჯვენეების" ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით კი, მისი მოძრაობა მსგავს კონფერენციებს გამოიყენებს იმისათვის, რომ უმრავლესობას არგუმენტებითა და შენიშვნებით აზრი შეაცვლევინოს.
"ჩვენ მართლაც საფუძვლიანი განხილვა გვქონდა საპარლამენტო კომისიასთან. დღეს დავაყენებთ ყველა იმ შენიშვნის და საკითხის, რაც მიგვაჩნია, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია. გაჟღერდა მათი მხრიდან, რომ გარკვეულ საკითხებზე არის მზაობა მოლაპარაკებისა, იგივე ორგანულ კანონთან დაკავშირებით. ეს პროცესი არ დასრულებულა და "ახალ მემარჯვენეებს" იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პოზიციით, არგუმენტებით მმართველ გუნდს აზრს შევაცვლევინებთ და ნაკლები ხარვეზებით იქნება კონსტიტუციური ცვლილებები განხორციელებული", - განაცადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ინიციატივით ტარდება.