საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო კონფერენციამ თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი - ახალგაზრდული პერსპექტივა". ორდღიანი კონფერენციის ორგანიზატორია სტუ-ის ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტი, EU Neighbours East-თან და ProActive Group Georgia-თან თანამშრომლობითა და პარტნიორობით.
კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ და ორი დღის მანძილზე მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის, სტუ-ის ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების" რეგიონული წარმომადგენლები ევროკავშირიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვას რესპუბლიკიდან და უკრაინიდან.
კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნისა და ევროკავშირის ახალგაზრდებს უქმნის უნიკალურ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც მონაწილეები შეძლებენ გაეცნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ინიციატივის მიღწევებსა და გამოწვევებს, ამავდროულად, შეძლებენ გაითავისონ ევროკავშირის როლის მნიშვნელობა საქართველოს მაგალითზე.
როგორც სტუ-ის ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ანზორ აბრალავამ აღნიშნა, კონფერენციის ძლიერი ახალგაზრდული კომპონენტი წარმოდგენილი იქნება პანელ-დისკუსიებსა და თემატურ სემინარებზე, რომელიც ეფუძნება ინიციატივის ოთხ ძირითად მიმართულებას: ეკონომიკური განვითარება, ეფექტური მმართველობა, გარემოს დაცვა და ენერგოეფექტურობა, ხალხთა შორის მობილობა.
„კონფერენცია ეძღვნება აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს. მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. ორი დღის განმავლობაში განვიხილავთ საკითხებს, რომელიც ეხება 10-წლიან პერიოდში არსებულ მიღწევებს. დავსახავთ პერსპექტივებს, რითაც სამომავლოდ, ახალგაზრდებს გავუმარტივებთ პარტნიორებთან ურთიერთობებს და საქმიანობას. გამოცდილების გაზიარება, ადაპტაცია, ურთიერთთავსებადობის პრინციპების გამომუშავება ეკონომიკური, განათლებისა და კულტურის მიმართულებით - აი, მსგავსი ფორმატის შეხვედრების შედეგი", - განაცხადა ანზორ აბრალავამ.
მეცნიერების დარგში სტუ-ის რექტორის მოადგილის, პროფესორ ზურაბ გასიტაშვილის შეფასებით, დღევანდელი ღონისძიება, მეგობრობისა და ურთიერთკავშირების გაღრმავების კუთხით, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
„10 წლის მანძილზე ჩვენ შევძელით, შეგვეძინა მეგობრები, გაგვეზიარებინა მათი გამოცდილება, შემოქმედებითი უნარები და საქართველოს სივრცეში, ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, მოგვეხდინა მიღებული ცოდნის ადაპტაცია. საქართველო არ არის დიდი ქვეყანა და ეფექტური მართვის პირობებში, შესაძლებელია ქვეყნის სწრაფი წისვლის უზრუნველყოფა. სწორედ ამისთვის გვჭირდება მეტი მეგობარი ქვეყანა, უფრო მეტი განათლება. ცოდნით იწყება ქვეყნის განვითარება, განვითარების საფუძველი რეგულირებაა, რეგულირების საფუძველი კი - პიროვნების განვითარება. ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, წინსვლისათვის კარგ გარემოს ქმნის. სწორედ მსგავსი კონფერენციები იძლევა საშუალებას, მზად ვიყოთ ახალი პერსპექტივებისა და ახალი გამოწვევებისთვის", - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძის თქმით, ინიციატივამ უნდა გამოკვეთოს ახალგაზრდობის კომპონენტის მნიშვნელობა, რაც სამომავლოდ, ახალგაზრდა თაობის დასაქმებასა და მის სამეწარმეო-შრომითი უნარების განვითარებაზე აისახება.
„ამ 10-წლიან პერიოდში ბევრ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, აქ, უმრავლესობას ახალგაზრდობა წარმოადგენს. ეს თაობებს შორის ურთიერთობისა და მემკვიდრეობითობის აღიარებაა. სწორედ ასეთი ურთიერთობები აყალიბებს თაობებს შორის თანამშრომლობას, რომლის გარეშეც შეუძლებელია პროგრესი", - განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.
კონფერენციის ჩატარების იდეა და ინიციატივა ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოიშვა. პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე, სამომავლო პარტნიორული თანამშრომლობის გასაღრმავებლად ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას.