„ჩვენთვის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი არის რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეს წლების განმავლობაში პრობლემური თემა იყო კახეთისთვისაც და ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი ინვესტიციები – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წინანდალში ,,საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე-კახეთი 2019“ სიტყვით გამოსვლისას – წელს ვიწყებთ თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ფაზას, რომლისთვისაც 26 მლნ ლარია გამოყოფილი. 2021 წლის დასაწყისში თელავს ექნება სრულიად რეაბილიტირებული წყლის ინფრასტრუქტურა და 24 საათიანი წყალმომარაგება. ასევე, ხორცილდება თელავის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, სადაც დამატებით 12 მლნ ლარის ინვესტიცია იდება“. წინანდალშივე გაირკვა, რომ 2019 – 2020 წლებში კახეთში დაგეგმილი პროექტების განხორციელებას დაახლოებით 47 მლნ ლარი მოხმარდება.
საინტერესო ისტორია აქვს თელავის წყალმომარაგების პროექტსაც, პირველად ტენდერი 2018 წელს გამოცხადდა, მეორედ 2019-ში.
თელავის წყალმომარაგების რეაბილიტაციის ტენდერის ისტორია:
2018 წლის 28 მარტს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენის ბოლო ვადა 2018 წლის 10 მაისი იყო, თუმცა ტენდერის გამოცხადების დღესვე, ტენდერის გახსნის ვადა შეიცვალა და 10 მაისიდან 17 მაისამდე გადაიწია. 2018 წლის 15 ოქტომბერს კი თელავის წყალმომარაგების ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა.
სამინისტროს საიტზე იმჟამად გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის ირკვევა: „ტენდერში მონაწილეობა მიიღო 11-მა უცხოურმა კომპანიამ. სატენდერო კომისიის მიერ შერჩეული პრეტენდენტი ჩინური კომპანიის დოკუმენტაცია შეთანხმდა აზიის განვითარების ბანკთან, თუმცა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი მენეჯმენტის მიერ დაკომპლექტებულმა ახალმა სატენდერო კომისიამ, კომპანიის მიერვე მოწვეული აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების კონსულტანტთან ერთად, შეისწავლა სატენდერო დოკუმენტაცია და გამოავლინა შეუსაბამობები. კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციით წარმოდგენილი რიგი ტექნიკური მახასიათებლები და კომპანიის გამოცდილება არ შეესაბამებოდა ტენდერის მოთხოვნებს. აღმოჩენილი შეუსაბამობების შესახებ წყალმომარაგების კომპანიამ აცნობა დამფინანსებელ ორგანიზაციას და ითხოვა თავდაპირველი დასკვნის გადახედვა. ამდენად, აზიის განვითარების ბანკის პროცედურების შესაბამისად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-განახლების საერთაშორისო ტენდერს ჩაშლილად აცხადებს. თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე საერთაშორისო ტენდერი უმოკლეს დროში ხელახლა გამოცხადდება. აზიის განვითარების ბანკი კვლავ დაუჭერს მხარს და დააფინანსებს აღნიშნულ პროექტს“.
ესე იგი: ტენდერის გამოცხადებიდან შვიდი თვის შემდეგ, სატენდერო კომისიამ გაარკვია, რომ თურმე ტენდერში მონაწილე კომპანიას, რომელსაც მოგების შანსი ჰქონდა და რომელზედაც ყურადღება, როგორც კომისიამ, ასევე აზიის განვითარების ბანკმა შეაჩერა, დოკუმენტებში „შეუსაბამობა“ ჰქონდა (?!). ხაზგასმით – შვიდი თვის შემდეგ! ასევე, მთავარია ორი დეტალი: პირველი – დოკუმენტაციაში ხარვეზის გამოსწორებას ტენდერის ჩაშლა არ სჭირდება! ხარვეზის გამოსასწორებლად, არა უმეტეს ერთი დღე და არანაკლებ ერთი საათია საჭირო. მეორე – სამინისტრომ ტენდერი ჩაშლილად გამოაცხადა იმის გამო, რომ კომპანიას დოკუმენტაციაში ჰქონდა ხარვეზი.
დადგენილი წესის მიუხედავად, სამინისტრომ კომპანიას ხარვეზის გამოსწორების ვადა არ მისცა და არც ტენდერიდან ჩახსნა, უბრალოდ, ტენდერი ჩაშალა და მიუხედავად იმისა, ერთ-ერთ ოფიციალურ მიზეზად პროექტში შესატანი ცვლილებებიც დაასახელა, მეორედ გამოცხადებული ტენდერის პირობებში, ერთი წინადადებაც კი არ არის შეცვლილი, მითუმეტეს – ჩამატებული. ეს არის მოცემულობა და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ტენდერის ჩაშლის რეალური მიზეზი იყო ის, რომ სამინისტრომ მის მიერ ლობირებულ კომპანიას მოსამზადებელი დრო მისცა, თუმცა ამის მტკიცება ძნელია სათანადო საგამოძიებო უწყებების მიერ საქმის გამოძიების გარეშე.
თელავის წყალმომარაგების შესახებ, მეორე საერთაშორისო ტენდერი 2019 წლის 14 იანვარს გამოცხადდა და 25 თებერვალს დასრულდა. ამჯერად, სამინისტროს ტენდერი ჩაშლილად არ გამოუცხადებია, თუმცა 4 თვეზე მეტი გავიდა და ჯერჯერობით, გამარჯვებული კომპანია არ დასახელებულა. ეს იმ დროს, როცა აზიის განვითარების ბანკმა (ADB) სესხი აშშ დოლარში გასცა და ლარის ყოველწამიერი ვარდნა, ADB-ს მიერ დოლარში გამოყოფილ სესხზე უარყოფითად აისახება.
თუ ერთი წლის წინ ტენდერში მონაწილეობა მიიღო 11-მა კომპანიამ, მეორე ჯერზე ტენდერში მხოლოდ 9 კომპანია მონაწილეობდა, მაგრამ პირველ ადგილზე მყოფი სომხური კომპანია „გაისათი“ ეგრევე გამოეთიშა ტენდერს, რადგან საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. პირველი ოთხეული გამოიყურებოდა ასე: „გაისათი“ (სომხური) 7 მლნ 390 ათასი; „ჩაინა ქონსთრაქშენ ფორს ინჟინერინგ“ (ჩინური) 8 მლნ 606 ათასი; „აზ-ინშაათი“ (აზერბაიჯანული) 10 მლნ და „კობრა“ (ესპანური) 10 მლნ 457 ათასი. სომხურმა კომპანიამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, ხოლო დარჩენილთაგან ყველაზე ნაკლები ჩინურმა კომპანიამ „დადო“.
ოთხი თვე არ სჭირდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, მაგრამ ეს პროცედურა რატომღაც გაჭიანურდა. გავრცელებული ინფრმაციის თანახმად, აზერბაიჯანულ კომპანიას, რომელსაც სხვათაშორის, ზუგდიდის ტენდერი აქვს მოგებული და დიდი ვადაგადაჭარბებითაც კი, ამ ეტაპამდე დასრულებული არ აქვს სამუშაო, ლობირებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ეკატერინე გალდავა, ხოლო ესპანურ კომპანიას – მაია ცქიტიშვილის მოადგილე გიგა კაცია. მიუხედავად იმისა, რომ არც აზერბაიჯანულ და არც ესპანურ მხარეს ჩინელებზე უკეთესი წინადადება არ წარუდგენია სატენდერო კომისიისთვის, სწორედ ამ ორ კომპანიას შორის ვერ გააკეთა არჩევანი მაია ცქიტიშვილმა.
საქმე ისაა, რომ ვერც აზერბაიჯანული და ვერც ესპანური კომპანია ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, თუმცა, სომხური კომპანიის დარად ისინი არავის მოუხსნია ტენდერიდან. პირიქით, გალდავამ რამდენჯერმე (კონკრეტულად, სამჯერ) გაუგზავნა ამ კომპანიებს მოთხოვნა „დაზუსტების მიზნით“ - ვერ დააზუსტეს და დარჩნენ დაუზუსტებელნი, მაგრამ დაზუსტებით იციან, რომ ერთ-ერთი მათგანი ფონს გავა – გააჩნია ცქიტიშვილის პინა ვისკენ გადაიხრება.
ამასობაში, კომისია, რომელსაც გასულ წელს „ახალმა მენეჯმენტმა“ კვალიფიკაცია დაუწუნა, სასტიკი წინააღმდეგია გაუმართავი დოკუმენტაციის მქონე კომპანიებიდან ერთ-ერთს პრივილეგია მიანიჭოს, ასევე, საეჭვო მაქინაციების ფონზე, კანონი დაარღვიოს. როგორც ირკვევა, კომისიის წევრები აცხადებენ, რომ მათ არ სურთ აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოხვდნენ, რაც თავისთავად, არსებულ დარღვევებზე გამოძიების დაწყებას ნიშნავს. საქმე ის არის, რომ კაციასა და გალდავას მხრიდან ლობირებული ფირმები სულ ცოტა 3 მილიონზე მეტს ითხოვენ იმ სამუშაოებისთვის, რასაც 7 მილიონად შეასრულებდა სომხური კომპანია, რომ არ დაეწუნებიათ.
დაუკვირდით, თითქმის ყველა ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანიაა, მიუხედავად იმისა, სადაც ისინი შევიდნენ, არსად სამუშაო არ დასრულებულა. გზებში, მაგალითად, ფიგურირებს, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში ხელდასმული „აკორდი“, „აზინშაათ ენი“, „აზერგრუპი“, წყალში „აზინშაათი“, „ალკე-აზერბაიჯანი“ და ასე შემდეგ.
საქმე ისა, რომ თელავის წყალმომარაგების რეაბილიტაცია თავის დროზე „სოკარმა“ დაიწყო, პირველი ეტაპის სამუშაოები სწორედ მათ შეასრულეს და იმხანად როგორც ამბობედნენ, ყველამ იცოდა, რომ საქმეს ისევ აზერბაიჯანული კომპანია გააგრძელებდა. მსგავსი სავარაუდო გარიგების გამო დააკავეს ბათუმში 8 ყოფილი ჩინოსანი, მაგრამ ჩვენს მიერ ზემოთმოყვანილი მაგალითებზე, მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის გაჟღერდა ამ დარღვევევბის შესახებ ინფორმაცია, არავი შეწუხებულა და გამოძიება არ დაუწყიათ. არავინ დაინტერესებულა რა ხდება რეალურად და რატომ გაჭიანურდა თელავის წყალმომარაგების რეაბილიტაცია. მეტიც, ცნობილი ხდება, რომ გამარჯვებული კომპანიის სასარგებლოდ (გარდა იმისა, რომ გაყალბებული დოკუმენტები ჩაუთვალეს), წყდება კიდევ ერთი საკითხი: თავდაპირველად ტენდერის მოთხოვნა იყო თუჯის მილებით წყალგაყვანილობა და რაკი „ალკე-აზერბაიჯანს“, რომელმაც სახელწოდება ტენდერის მოგების შემდეგ გადაიკეთა და გახდა „აკელიკი“, არა აქვს შესაბამისი გამოცდილება, ამიტომ უკვე დასრულებული ტენდერის პირობებში, თუჯის მილების „ჩანაცვლებაზე“ მიდის „მუშაობა“. ალბათ ამიტომაა, რომ მაია ცქიტიშვილმა მაისში განახცადა თელავს 2021 წელს ექნება წყალიო. არადა, სულ რაღაც ერთი წლის წინ, 2018 წლის 29 მარტს გვამცნო: „სარეაბილიტაციო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი „ურბანული სერვისების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში აფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება“. კახეთში ყოფნისას მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კახეთში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ინვესტიციები გაიზარდა. „თემაში ჩაუხედავი“ ადამიანისათვის ეს ინფორმაცია ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მათთვის ვინც ამ საქმის ექსპერტები არიან, „ინვესტიციების გაზრდა“ სულაც არაა პირდაპირ კავშირში სამუშაოების მოცულობის გაზრდასთან – ეს არის ის, რასაც ინფლაცია ჰქვია და მაია ცქიტიშვილმა „რაღაც მანქანების“ დახმარებით მოახერხა და აზიის განვითარების ბანკის მიერ დოლარში გამოყოფილი სესხი დამოკლეს მახვილივით ჩამოკიდა საქართველოს და კერძოდ, კახეთის ცაზე.
მოსთხოვენ თუ არა ცქიტიშვილს სამართლებრივ ჭრილში პასუხს, არავინ იცის, ფაქტი კი ისაა, რომ თელავს და ზოგადად კახეთს, წყალი გრაფიკით მიეწოდება და ეს გრაფიკი იმდენად უპროგნოზოა, კახეთში, ამ საკურორტო ზონაში ცხოვრება კი არა, დასვენებაც აუტანელია.