დღეს, 9 მაისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესტონეთის უმსხვილეს საზღვაო კომპანია „ტალინკის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
კომპანია გეგმავს საკრუიზო ტურიზმის მიმართულებით სამოქმედო არეალის გაფართოებას ბათუმსა და შავი ზღვის სხვა ნავსადგურებში.
შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ ესტონურ მხარეს გააცნო საკრუიზო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები რეგიონში და აღნიშნა, რომ აჭარა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო საკრუიზო გამოფენებსა და სემინარებში.
მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის განვითარების კონკრეტულ გეგმებზე, ქვეყანაში ტურიზმის სფეროსა და ტურისტების მზარდ დინამიკაზე.
AS Tallink Grupp არის ესტონეთის ყველაზე დიდი საკრუიზო და სატვირთო გემების კომპანიაა ბალტიის ზღვის რეგიონში, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულება მაღალი ხარისხის სატრანსპორტო სერვისებია.
კომპანიის 14 თანამედროვე გემისაგან შემდგარი ფლოტი მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობას იძლევა.
AS Tallink Grupp-სა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას უკვე აკავშირებს მრავალწლიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობა სტუდენტთა პრაქტიკის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორი, საზღვაო აკადემიის რექტორი, კომპანია ტალინკის აღმასრულებელი დირექტორი პაავო ნოგენე, დირექტორთა საბჭოს წევრი კადრი ლანდი ესწრებოდნენ.