დღეს ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებელი გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყნის და რეგიონის უკეთესი მომავალი განათლებულ ახალგაზრდებზე დგას.
,,დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში განათლებასა და ახალგაზრდობას სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა და ხელშეწყობა აქვს. ჩვენი საქმე, ოპონენტებისგან განსხვავებით, არის შენება, განვითარება და არა - ნგრევა. ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეიდან თითოეული სტუდენტის განკარგულებაში იქნება, მისცემს მომავალ თაობას იცხოვრონ, ისწავლონ და იმუშაონ უკეთეს გარემოში. ეროვნული იდეა, რაც გულისხმობს, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედის გადანაწილებას განათლების სექტორზე, არის მართლაც უპრეცედენტო, რომელიც დაგვეხმარება, რომ შევქმნათ ქვეყნის უკეთესი მომავალი. ბათუმში ძალიან მალე დავიწყებთ განათლების ქალაქის მშენებლობას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი მთავარი ხაზი არის აღმშენებლობა და თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღე, ჩვენ არ ვაშენებთ ცალკეულ ობიექტებს, ჩვენ ვაშენებთ ქალაქებში ქალაქებს “ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
200 სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური საცხოვრებელი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. შენობა 2 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული და უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი სველი წერტილითა და სამზარეულოთი. სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო, საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია ადაპტირებული ბლოკები.
მშენებლობისათვის უნივერსიტეტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარი დაიხარჯა.
გახსნის ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი, მთავრობის წევრები, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.