„სარტყელი და გზის ინიციატივის“ რიგით მეორე ფორუმის ფარგლებში, 26 აპრილს, ვახტანგ ლაშქარაძესა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟოს გენერალური ადმინისტრაციის ვიცე მინისტრს - გუო ლის შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა.
შეხვედრზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს და შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გაგრძელდება მუშაობა მონაცემთა ელექტრონული გაცვლის პროექტის გაფართოებისა და დახვეწის მიმართულებით. ამასთან ვახტანგ ლაშქარაძემ ხაზი გაუსვა საბაჟო ადმინისტრირების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას.
შეხვედრის დასასრულს, ხელი მოეწერა წარმოშობის შესახებ მონაცემთა ელექტრონულად გაცვლის ურთიერთგაგების მემორანდუმს. დოკუმენტის შესაბამისად, 2019 წლის ბოლოს, განხორციელდება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათიანი სერტიფიკატის მონაცემების ელექტრონული გაცვლა, რაც ეკონომიკურ ოპერატორებს საშუალებას მისცემს უფრო მარტივად და სწრაფად მოახდინონ საბაჟო ორგანოებში წარდგენილი შეღავათიანი წარმოშობის სერტიფიკატის პირველადი შემოწმების პროცესის დასრულება. ცხადია ეს პროექტი ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას, აგრეთვე ვაჭრობაში არსებულ შეზღუდვებსა და აკრძალვებთან დაკავშირებული რისკების გამოვლენასა და მათი შემცირებისთვის სათანადო ღონისძიებების განხორციელებას.
ვახტანგ ლაშქარაძემ გუო ლის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.