"დემოკრატიული მოძღაობა - ერთიანი საქართველო" ეჭვს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური კამაპანია - "საარჩევნო გარემოს შეცვლა", რომლის ინიციატორიც "ეროვნული ფორუმია" დადებით შედეგს ვერ მოიტანს, რადგან იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელსაც კამპანია ითავალისწინებს, არ შუძლიათ სრულად შეცვალონ ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო. შესაბამისი განცხადებები დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, "დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს წევრმა გიორგი კობახიძემ გააკეთა.
მისი თქმით, "საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის" ბრძოლა ოპოზიციის ხელთ არსებული რესურსებით, ამ ეტაპზე შესაძლოა, მხოლოდ ხელისუფლებას აწყობდეს. კობახიძის განმარტებით, ამას ისიც მოწმობს, რომ ბოლო დროს აღნიშულ პროცესში მონაწილეობის სურვილი ხელისუფლების პასუხისმგებელმა წარმომადგენლებმაც გამოთქვეს და პროექტის რეალიზაციისთვის ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოხატა აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ დემოკრატიის განვითარებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი დოლარი სწორედ ამ მიმართულებით დახარჯოს.
"პირდაპირ უნდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლის ლოზუნგით მიმდინარე კამპანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის დიდ საფრთხეს შეიცვას. ათამდე პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ ინიცირებული ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს, მცირე ნაწილია იმ ჩამონათვალისა, რაც მთლიანობაში ქმნის საარჩევნო გარემოს. აქედან გამოდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ბიომეტრიული პასპორტების შემოღება და ერთიანი საარჩევნო სიების შედგენა და დაზუსტება, მხოლოდ რამდენადმე თუ გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს", - აღნიშნა კაბახიძემ და დასძინა, რომ საარჩევნო კოდექსი, მხოლოდ ერთი სეგმენტია საარჩევნო გარემოსი, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება - არადემოკრატიული საარჩევნო კოდექსი, მედიასაშუალებების ტენდენციური საქმიანობა, უსამართლო სასამართლო, საარჩევნო პროცესზე ძალოვანი სტრუქტურების ზემოქმედების პრაქტიკა, არათავისუფალი ბიზნესგარემო და სხვა. გამომდინარე ზემოთქმულიდან კობახიძე ასკვნის, რომ კამპანიის მიზანი და დოკუმენტურად გაცხადებული მოთხოვნები ერთმანეთს არ შეესაბამება.
ბურჯანაძის პარტიის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა და "ეროვნული ფორუმის" ინიციატივას დაეთანხმება სააკაშვილის რეჟიმი დროის მოგებას შეეცდება:
"ამის შემდეგ გაჩნდება ახალი ინიციატივა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის შეცვლასთან დაკავშირებით, რაზეც ხელისუფლება გადააგორებს კიდევ 6 თვეს; შემდეგ გაჩნდება მოთხოვნა სახელისუფლებო რესურსების გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით და კიდევ 6 თვე ხელისუფლების ყულაბაში; შემდეგ მოთხოვნა საბიუჯეტო თანხების უმართებულო ხრჯვასთან დაკავშირებით და კიდევ 6 თვე და ასე შემდეგ", - განაცხადა კობახიძემ.
მისსივე თქმით, "დემოკრატიული მოძრაობა" კვლავაც ადასტურებს "ეროვნული ფორუმის" მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ინიციატივისადმი თავის მხარდაჭერას, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოთქვამს ეჭვს, რომ "საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის" ბრძოლა არსებული ფორმით, იმავე შინაარსის კამპანიად შეიძლება იქცეს, რაც იყო ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების პროცესში მონაწილეობა და "რაც შეიძლება მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებოდეს".