ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 143 წელი გავიდა. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი 1876 წლის 23 აპრილს დაიბადა.
მამამისი ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილი იყო სამოქალაქო მრჩეველი, რომელიც სხვადასხვა დროს მსახურობდა თელავში მასწავლებლად, სიღნაღის, თბილიისა და გორის მაზრებში პედაგოგ-ინსპექტორად. დედა, სოფიო ათანასეს ასული ვახვახიშვილი, „მაღალი, ტანადი, ნაზი და დარბაისელი მანდილოსანი იყო. მის ჭკვიან და ალერსიან თვალებში - რომელთაც ხადახან სევდა გადაჰკრავს ოდნავადაც და რომელნიც თითქოს თქვენ სულში იცქირებიანო - დიდი სითბოა და მიმზიდველობა“.
პატრიოტი ალექსანდრე ჯავახიშვილი შვილებს ქართულ წესსა და რიგზე ზრდიდა, სამშობლოს წარსულისადმი ინტერესს უღვიძებდა და ქართული ენის სიყვარულს უნერგავდა. იგი ყველა ქართულ ჟურნალ-გაზეთს ღებულობდა. ივანე ჯავახიშვილის მოგონებებიდან ჩანს, რომ მათ ბიბლიოთეკაში „ყველა წიგნი მოიპოვებოდა, რაც კი კავკასიაში და საქართველოში იყო გამოცემული“. ძმები ცდილობდნენ გიმნაზიის გაკვეთილების შესწავლამდე ადრე შინ მიტანილი ქართული ჟურნალ-გაზეთები წაეკითხათ.
1885 წელს ივანე ჯავახიშვილი თბილისის პროგიმნაზიაში შევიდა, ხოლო 1888 წელს გიმნაზიის მეორე კლასში მიიღეს, სადაც ის 1895 წლამდე სწავლობდა. ივანესთვის გიმნაზიის რეჟიმი აუტანელი გამოდგა. მისი სიყრმის მეგობარი, ივანე თევდორე ძე ნიჟარაძე წერდა: „გიმნაზია ვანოს არ მოსწონდა, სწავლობდა კი კარგად. გარუსების ტენდენცია და ქართული კულტურის დევნა სულს უხუთავდა ქართველ შეგნებულ მოწაფეობას“.
ივანე ჯავახიშვილი ქართული კულტურისა და ისტორიის შესწავლას გიმნაზიის გარეთ ახერხებდა. ივანე ნიჟარაძე წერდა: „შეგნებული ქართველი ახალგაზრდობა დამოუკიდებლივ სწავლობდა თავის ენასა და კულტურას. მათ შორის საუკეთესო წარმომადგენელი იყო ვანო. მას უკვე გიმნაზიაში ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტის ქართულ-სომხურ განყოფილებაზე შევიდოდა. ვანო ძალიან ნაკითხი იყო...“
გიმნაზიაში ივანე ჯავახიშვილს ყველაზე მეტად ისტორია იტაცებდა. ფ. გონდოევის სიტყვიით: „განსაკუთრებით უყვარდა ვანოს ისტორია. თვით ისტორიის მასწავლებელსაც უყვარდა მოსმენა ვანოს პასუხებისა, რომლებიც არასდროს არ იყო გაზეპირებული და ტრაფარეტული; ეს პასუხები ყოველთვის ამომწურავად გადმოგვცემდნენ იმ ეპოქის სულს, რომლებზედაც მოგვითხრობდა ვანო“.
ივანე ჯავახიშვილი იმდენად იყო გატაცებული ისტორიით, რომ ჯერ კიდევ სიყრმეში წაიკითხა მოხსენება „ანდრია მოციქულის მოგზაურობა საქართველოში“. გიმნაზიაში სწავლის დროსვე შეითვისა ის, რომ ისტორიული წყაროები და ფაქტები არც უკრიტიკოდ უნდა მიეღო არც ხელაღებით უარეყო.
მას შემდეგ, რაც ხალხოსანთა მიზანსწრაფვა ამაო აღმოჩნდა და მათი ჯგუფები დაიშალა, დაპატიმრებას გადარჩენილები თუ პატიმრობიდან დაბრუნებულები ქართველი ხალხის ეროვნული სულისკვეთების გამოღვიძებას კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობით ცდილობდნენ. ფართოდ გათვიცნობიერებული ივანე ჯავახიშვილი, რომელის დიდ დროს უთმობდა გარეშე ლიტერატურისა და ჟურნალ-გაზეთების კითხვას, მოწინავეთა გულისნადებს ადვილად ხვდებოდა. XIX საუკუნის 90-იან წლებში ის აქტიურად მონაწილეობდა კულტურულ-საგანმანათლებლო ასპარეზზე.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ივანე ჯავახიშვილი სოფელ ხოვლეში გაემგზავრა და უნივერსიტეტისთვის მზადება დაიწყო.
გიმნაზიის რედაქცია ივანე ჯავახიშვილს ახასიათებდა, როგორც პატიოსან, ზრდილობიან და შრომისმოყვარე ახალგაზრდას. „...იგი არის მშვიდი, თავაზიანი, რის გამო ყველას უყვარს. ჯავახიშვილი დაჯილდოებულია ბუნებრივი ნიჭით, მასთან ძლიერ შრომისმოყვარე და მუყათია... ბევრს კითხულობს და ფრიად ნაკითხია. კარგად უკრავს ვიოლინოს და გატაცებულია ამითი. ის საუკეთესო და მეტად თავაზიანი ახალგაზრდაა არა მარტო უფროსების, არამედ ტოლებისა და უმცროსების მიმართაც“.