ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, არპინე სარგსიანი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და მომსახურების სააგენტოს ეწვია.
საპატრულო პოლიციაში ვიზიტისას, დელეგაციის წევრებმა დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ერთიანი მომსახურების ცენტრის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები, ასევე, იმყოფებოდნენ მომსახურების სააგენტოში, სადაც არსებული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების და სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების პროცესს.
დელეგაციის წევრები დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლშიც იმყოფებოდნენ. სტუმრები მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ და დეტალური ინფორმაცია მიიღეს არსებული სერვისების შესახებ.
სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს