მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეცვალოს კურსი და ჩაერთოს ინკლუზიურ ეროვნულ დიალოგში საქართველოს მომავალთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარესთან, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ ქვეყნის პარლამენტის წევრის, ვენდი მორტონის კითხვის საპასუხად განაცხადა.
მორტონი დაინტერესდა, გადადგამს თუ არა მისი დეპარტამენტი ნაბიჯებს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად.
„ღრმად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ოპოზიციური ხმების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ მზარდი რეპრესიებით. 11 ივლისს, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, საგარეო საქმეთა მდივანმა დაგმო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები. მე არაერთხელ გავაკრიტიკე რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჩვენ შევამცირეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის დონე და განვიხილავთ ჩვენთვსი ხელმისაწვდომ ყველა სხვა ვარიანტს. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეცვალოს კურსი და ჩაერთოს ინკლუზიურ ეროვნულ დიალოგში საქართველოს მომავალთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, – ნათქვამია დაუთის განცხადებაში.