თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მოძრავი შემადგენლობის პერმანენტული კონტროლის განყოფილების (გენერალური ინსპექციის) წამყვანი ინსპექტორი _ ავთანდილ კერესელიძე დააკავეს.
წინასწარი გამოძიება ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მოძრავი შემადგენლობის პერმანენტული კონტროლის განყოფილების (გენერალური ინსპექციის) წამყვანმა ინსპექტორმა ავთანდილ კერესელიძემ მოქალაქე არტურ სიმონიანისგან შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" ავტობუსის მძღოლად დანიშვნის სანაცვლოდ მოითხოვა 500 აშშ დოლარი. აღიარებით ჩვენებაში ავთანდილ კერესელიძემ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული თანხის სანაცვლოდ თავად მიჰყვებოდა სიმონიანს შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში", უზრუნველყოფდა მის სამსახურში მიღებას, ხოლო შემდგომ ასწავლიდა მას ფარულად როგორ დაუფლებოდა "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" კუთვნილ დიზელის საწვავს, რათა მოეხდინა მისი უკანონო რეალიზაცია.
ამ ფაქტის შესახებ ერთ-ერთი მოქალაქისთვის გახდა ცნობილი და სწორედ მისი განცხადების საფუძველზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიგეგმა ოპერატიული ღონისძიება. ღონისძიების შედეგად, მოთხოვნილი თანხის _ 900 ლარის მიღების შემდეგ, სამართალდამცველებმა ავთანდილ კერესელიძე დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმე ავთანდილ კერესელიძის წინააღმდეგ აღძრულია დანაშაულისთვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით.