პანკისის ხეობაში ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობა დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ კომპანიებს „ალაზანი ენერჯისა“ და „ფერის“ ამის საშუალება არ მისცა. მოსახლეობა ამბობს, რომ პანკისის ხეობაში უკვე არის ორი ჰესი და კიდევ ერთი ჰესის შენებლობას არ დაუშვებენ. ამის გამო დაპირსპირება მოხდა პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.
მშენებლობის განახლებამდე და პოლიციის შესვლამდე, 18 აპრილს, პანკისის ხეობაში იმყოფებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა.
პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა 2018 წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა.
კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ იტყობინებიან, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება. ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია.
„აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, კომპანია გეგმავს „სამყურაწყალი 2“ -ის ჰესის მშენებლობასაც. ეს უკანასკნელი 30 თვეში უნდა დასრულდეს. ჰესები, რომელთა მშენებლობაც პანკისის ხეობაშია დაგეგმილი ე.წ. მცირე ენერგეტიკას მიეკუთვნება და მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია“, - წერია კომპანიების „ალაზანი ენერჯისა“ და „ფერის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია, ხოლო ორივე ჰესი ჯამურად გამოიმუშავებს 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რაც ძალიან დიდი კონტრიბუციაა ადგილობრივ ეკონომიკაში. ამასთან ერთად, მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლეც.