ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნების საბოლოო პაკეტში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხს ცალკე თავს დაუთმობს. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან ვენეციის კომისიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ დღეს პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობასთან გამართა შეხვედრა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ ლალიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხს.
"საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით 13 შენიშვნა გვაქვს, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სასამართლო ხელისუფლების დამუკიდებლობის საკითხზე. მთავარი, რასაც მივაღწიეთ, ისაა, რომ ვენეციის კომისია გააგრძელებს მუშაობას 15 ოქტომბრამდე. ჩამოაყალბებს შენიშვნების პაკეტს, სადაც ცალკე თავს დაუთმობს სასამართლო ხელისუფლებას. ამით კი საბოლოო ჯამში მივიღებთ ისეთ კონსტიტუციას, რომელიც სამართლებრივ გარანტიებს შექმნის სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით", - აცხადებს ლალიაშვილი.