ვენეციის კომისიის წევრებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას არ უნდა იჩქაროს. ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით განცხადება საპარალმენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გურამ ჩახვაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო ოპოზიციამ ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა პარლამენტში დახურულ რეჟიმში გაიმართა. როგორც ჩახვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი იყო სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის დეტალებზე. ამ საკითხის განხილვისას კი, მისი თქმით, აქცენტი გაკეთდა პრეზიდენტის უფლებებზე, მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნის საკითხზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ასევე უვადოდ დანიშვნის აუცილებლობაზე.
ჩახვაძე აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისია რეკომენდაციის მომზადებას გეგმავს თავის შენიშვნებთან დაკავშირებით აღნიშნულ პროექტზე და მათი სურვილია, პარლამენტმა რეკომენდაციების მომზადებამდე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა არ დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას მომავალი სასესიო კვირიდან გეგმავს.