საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, რომელიც დღეს საპარლამენტო სესიაზე წარსდგა, ეროვნული ბანკის საზედამხედველო გადაწყვეტილებები გასაჩივრებას ექვემდებარება.
„ასეთი რამ ხშირად ხდება ხოლმე" - აღნიშნა კობა გვენეტაძემ, რადგან, მისივე თქმით, არავის მოსწონს როდესაც მის მიმართ სანქციას იყენებენ.
„თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხს დეტალურად ვსწავლობთ და მე არ მახსოვს, რომ ეროვნულ ბანკს წაეგოს რომელიმე სასამართლო პროცესი, რომელიც ჩვენს საზედამხედველო ზომას შეეხებოდა. მაგრამ, ვიმეორებ, რომ გასაჩივრება ნორმალური მოვლენაა და თუ ჩვენი ზედამხედველობის რომელიმე სუბიექტი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მე თავად ვეუბნები მას რომ სასამართლოში გვიჩივლოს. ერთ-ერთი შეხვედრისას ნამდვილად ვუთხარი ბატონ ხაზარაძეს, რომ არსებული კანონმდებლობით, ეროვნული ბანკის მანდატით და საუკეთესო პრაქტიკით, ჩვენ ვალდებული ვიყავით შეგვესწავლა არსებული ფაქტები და გამოვლენილ დარღვევაზე თვალს ვერ დავხუჭავდით. ამასთანავე, მე ჩვენი გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობაში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ თუ ის სხვანაირად ფიქრობდა, შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა. ბატონმა მამუკამ და ბატონმა ბადრიმ საჯაროდაც განაცხადეს, რომ ისინი, როგორც ფიზიკური პირები, გააგრძელებენ სამართლებრივ დავას ეროვნული ბანკის მიმართ და ალბათ არავის ეპარება ეჭვი, რომ თავიანთი ინტერესების დასაცავად მათ საკმარისი რესურსი გააჩნიათ. თუმცა, ეროვნული ბანკის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობა, მათ შორის, საქმის ძირითადი არსის გადაფარვის მცდელობითა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, არანორმალური პროცესია" - განაცხდა ეროვნული ბანკის პრეზიენტმა