სებ-ი, თიბისი ბანკს ჯერ კიდევ 1 წლით ადრე აფრთხილებდა, აღნიშნა პარლამენტში, სასესიო მოსმენაზე, კობა გვენეტაძემ. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა თქვა, თიბისი ბანკს არსებული რისკების შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჰქონდა მიღებული გაფრთხილება.
"2018 წლის 22 თებერვალს, ანუ მანამ, სანამ, ცნობილი გახდებოდა დღეს უკვე ყბადაღებული 17 მილიონი დოლარი სესხის ამბავი, თიბისი ბანკს გავუგზავნეთ ოფიციალური წერილი , სადაც პირდაპირ ნათქვამია:„...სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ აღმასრულებელი და საზედამხედველო ფუნქციების შეთავსება ქმნის ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობისა და უფლებამოსილების გადაჭარბებული კონცენტრაციის შესაძლებლობას. აღნიშნულს ხაზს უსვამს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ანაზღაურებაც, რაც დასაბუთებულია მათი საკვანძო როლით (crucial role), მათ შორის აღმასრულებელი ფუნქციების შეთავსებით. აღნიშნული საფრთხეს უქმნის საბჭოს მიერ მასზე დაკისრებული საზედამხედველო როლის ეფექტიან შესრულებას.
ბანკისათვის პოტენციური ზარალის რისკებს ქმნის დამფუძნებელი აქციონერების მხრიდან ბანკის საკუთარი ბიზნეს ინტერესებისათვის შესაძლო გამოყენება. სხვადასხვა დროს ირღვეოდა „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებით" განსაზღვრული მოთხოვნები ბანკის აქციონერებთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისას. ასევე, შეინიშნება ხარვეზები სხვა დაკავშირებული მხარეების დაკრედიტებისა და ზოგადად ინტერესთა კონფლიქტის სათანადოდ მართვის პროცესში. აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით ჩართულობას სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრების მხრიდან." - აღნიშნული წერილი გვენეტაძემ დეპუტატებს სესიაზე გააცნო.