პორტფელის ხარისხის გაუმჯობესდა, რაც კარგად ჩანს სესხის მომსახურების შემცირებულ კოეფიციენტებში. ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში მკვეთრად გაიზარდა ლარის წილი - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გევნეტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი განმარტებით, სებ-ის მიერ გატარებულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო.
"სახეზეა იპოთეკური სესხების პორტფელის ხარისხის გაუმჯობესება, რაც კარგად ჩანს სესხის მომსახურების შემცირებულ კოეფიციენტებში. საგულისხმოა, რომ ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში მკვეთრად გაზრდილია ლარის წილი, რაც მოსახლეობის მეტ დაცულობას უზრუნველყოფს. ამასთან, ბაზარზე გამოჩნდა ლარის იპოთეკური სესხები მკვეთრად შემცირებული საპროცენტო განაკვეთებით. ასევე, აღარ გაიცემა შემოსავალთან არაპროპორციულად მაღალი ტვირთის მქონე ახალი სესხები, რომლებიც მოსახლეობისთვის ფინანსური პრობლემების მთავარი წყარო იყო. ყოველივე ამის შედეგად, მოსახლეობის დაკრედიტების ზრდის ტემპი ეტაპობრივად მდგრად დონეს მიაღწევს. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ 2019 წლიდან მნიშვნელოვნად გაზრდილია ბიზნესის დაკრედიტების წილი, განსაკუთრებით აქტიურია საშუალო და მცირე ბიზნეს სეგმენტი. გარდა ამისა, მთლიანად მაკრო სურათს თუ შევხედავთ, გაუმჯობესებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაშიც ამ რეგულაციების წვლილიცაა. ეს იმ პოზიტიური შედეგების არასრული ჩამონათვალია, რაც უკვე ამ პერიოდში შეგვიძლია დავინახოთ. ამასთან, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ თებერვლის მონაცემებით მთლიანი სესხების წლიური ზრდის ტემპი 15%-ის ფარგლებშია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია', განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.