საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვიტორიო სანდალიმ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და იტალიის თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.
შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების და ამ კუთხით იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესსა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების სამომავლო პერსპექტივებს.