დედა ენის ბაღში "ხალხის პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო შალამბერიძემ, "კონსერვატორმა" ლაშა ჩხარტიშვილმა და ახლად დაარსებულმა საქართველოს პედაგოგთა ასოციაციამ საპროტესტო აქცია გამართეს. მომიტინგეები სკოლებიდან პედაგოგების "მასიურ დათხოვნას" და მანდატურის ინსტიტუტის შემოღებას აპროტესტებდნენ.
როგორც დღევანდელ მიტინგზე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალეკო შალემბერიძემ განაცხადა, ქართველის პედაგოგების ინგლისურენოვანი, უცხოელი მასწავლებლებით ჩანაცვლება დაუშვებელია. მისი თქმით, ბავშვებს ქართველმა მასწავლებლებმა უნდა ასწავლონ პირველ რიგში დედა ენა, ხოლო შემდეგ ინგლისური, გერმანული, ფრანგული და სხვა.
"ქართველი მასწავლებლები ტოტალურად არიან სამსახურიდან დათხოვნილები 37-ე მუხლის საფუძველზე. მათ ნაცვლად უცხოეთიდან ჩამოჰყავთ გადამთიელი ინგლისურის მასწავლებლები. ძალით ინგლისურის სწავლას არ დავუშვებთ და არც გამოვა. ქართველი ბავშვები უცხო ენებს ისწვალიან, სურვილის შემთხვევაში ოღონდ მათ ამას ქართველი პედაგოგები ასწავლიან. ჩვენ ვიბრძოლებთ ამისთვის", - განაცხადა შალამბერიძემ.
მომიტინგეებმა სკოლებში მანდატურის ინსტიტიუტის შემოღებაც გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება "ბავშვების თვალში მასწავლებლის ავტორიტეტის დაცემას ემსახურება".
აქციის მონაწილეებმა განათლების სამინისტროსგან სამსახურიდან დათხოვნილი პედაგოგების დაუყოვნებლი აღდგენა და მანდატურის ინსტიტუტის გაუქმება მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტეტო აქციების გაგრძელებით დაიმუქრნენ.
როგორც დღევანდელ მიტინგზე აღინიშნა, მასწავლებლები განათლების სამინისტროს მიერ პედაგოგების უმიზეზოდ დათხოვნის ფაქტს არ შეეგუებიან და აქციის ორგანიზატორებმა ყველა სამსახურიდან დათხოვნილ პედაგოგს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღებისაკენ მოუწოდეს. ჩხარტიშვილის განცხადებით, მომდევნო მიტინგი 16 სექტებერს, 12:00 საათზე, თბილისის მერიის წინ გაიმართება.