საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა შექმნა საპარლამენტო კენჭისყრის შედეგების ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.parliament.ge), „კანონმდებლობის" გრაფის ქვეშ და მოიცავს თითოეული პარლამენტის წევრის კენჭისყრის შედეგს.
როგორც პარლამენტის პრესსამსახური იუწყება, კენჭისყრის შედეგების მონაცემთა ბაზას აქვს შემდეგი საძიებო კატეგორიები: საკვანძო სიტყვა კანონის სახელწოდებაში, კანონის ნომერი ან პარლამენტის წევრი. ნებისმიერი საძიებო კატეგორია ან მათი კომბინაცია შეიძლება იქნას გამოყენებული სასურველი ინფორმაციის მოსაძიებლად.
ინფორმაცია მხოლოდ ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი, ამიტომ, საძიებო ინფორმაციის შეყვანისას საჭიროა ქართული შრიფტის გამოყენება.
პარლამენტი მიუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს აქტიურად გამოიყენონ კენჭისყრის შედეგების მონაცემთა ბაზა პარლამენტის წევრთა საკანონმდებლო საქმიანობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად და საკანონმდებლო პროცესების უკეთ გაცნობისთვის.
საპარლამენტო კენჭისყრის შედეგების მონაცემთა ბაზა შეიქმნა საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დახმარებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.