"სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების წახალისება მიდის, რათა მათ არა მხოლოდ მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი უფლება, არამედ გადააჭარბონ კიდეც", - ამ სიტყვებით შეაფასა "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა პოლიციის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის ინციატივა. ირაკლი ალასანიას თქმით, იგი საპარლამენტო უმრავლესობის აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
"სისხლის სამართლის პროცესში შემაკავებელი ფაქტორები უნდა გავაჩინოთ. ვინაიდან პოლიტიკური ნება, საქართველოში არის ისეთი რომ პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების წახალისება მიდის, რათა მათ არა მხოლოდ მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი უფლება, არამედ გადააჭარბონ კიდეც. შესაბამისად მე ამ ცვლილებებს მხარს არ ვუჭერ. უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის სამსახურებში პატრიოტი ხალხი მუშაობს და მათ შეუძლიათ შემჭიდროვებულ კომპეტენციაშიც შეასრულონ თავისი პატრიოტული ვალი ", - განცხადა ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ინიციტივის თანახმად, პოლიციას ენიჭება უფლება, "გონივრული ეჭვის" საფუძველზე, ადამიანი ქუჩაში გააჩეროს ყოველგვარი ნებართვის გარეშე და ჩაატაროს ზედაპირული შემოწმება. საპარლამენტო ოპოზიცია ამ ინიციატივას საკმაოდ კრიტიკულად აფასებს და მიაჩნია, რომ ეს არის პოლიციის უფლებების გაზრდა და გამოიწვევს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შელახვას.