რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ქმედებების განხილვას გეგმავს, რომელმაც 16-17 სექტემბრისთვის თბილისში ასამბლეის იურიდიული კომისიის სხდომაზე რუსეთის დელეგაცია არ დაუშვა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მან კომისიის თავმჯდომარეს კრისტოს პურგურიდესს სასწრაფო წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნა, რომ "ქართული მხარის მიერ შექმნილი პრეცედენტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ეუთოს რაიმე სახის ღონისძიების გამართვას, იმ დრომდე ვიდრე საქართველო ამჟამინდელ სავიზო პოლიტიკას არ შეიცვლის".
"გადაწყვეტილი გვაქვს ოქტომბრის დასაწყისში ასამბლეის სესიაზე პრინციპულად დავსვათ საკითხი საქართველოს ხელისუფლების უპრეცენდენტო ქმედების შესახებ", - განაცხადა კოსაჩოვმა.
მისივე თქმით, იგი არ აპირებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კომენტირებას, მაგრამ ამ შემთხვევაში " ქვეყნის ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკა, საქართველოს ვალდებულებები საერთაშორისო ორგანიზაციის _ ევროსაბჭოს წინაშე ერთმანეთში აურია".
შეგახსენებთ, რომ 16-17 სექტემბერს თბილისში ეუთოს იურიდიული კომისიის სხდომა იგეგმება.