პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მორგებულია.
ამის შესახებ ალასანიამ საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიასთან შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
"შეხვედრის მიზანი აზრთა ურთიერთგაცვლაა. ჩვენ ვთანხმდებით, რომ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები მორგებულია კონკრეტულ პიროვნებას, მის ინტერესებს - საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილს. მთელი ლოგიკა კონსტიტუციური ცვლილებებისა სწორედ ამას ადასტურებს", - განაცხადა ალასანიამ და აქვე დასძინა, რომ მისი პოლიტიკური გუნდისთვის მიუღებელია ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ემსახურება ერთ პიროვნებას და არ ქმნის სტაბილურ პოლიტიკურ სისტემას ქვეყანაში.
მისივე თქმით, ყველაზე მისაღები სისტემაა, გაწონასწორებული საპრეზიდენტო რესპუბლიკა, გაწონასწორებული ურთიერთობებით, მაღალი საპარლამენტო კონტროლითა და დამოუკიდებელი სასამართლოთი.