2018 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა და 1202.0 ლარი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2144.9 ლარი (წლიური ზრდა 0.6 პროცენტი);
- მშენებლობა - 1956.4 ლარი (წლიური ზრდა -1.4 პროცენტი);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1902.0 ლარი (წლიური ზრდა 7.3 პროცენტი).
2018 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 906.0 ლარით, ხოლო კაცების - 1468.5 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 46.5 და 81.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.