2 მარტს სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გავრცელდა ტექსტი, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა იოსტ გიპერტი, გერმანელი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, ამბობდა, რომ „ქართველები კულტურულად შეუმდგარი ერია. მათ ბუნებრივად აქვთ მოთხოვნილება უფრო დიდი ერების მონობისკენ. ეს ვლინდება ყველაფერში. მაგალითად, ერს, რომელსაც საკუთარი ენა და სამი უნიკალური ანბანი აქვს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც გზებსაც კი უცხო ენაზე ნიშნავს. მე ასეთ ფენომენს მხოლოდ ყოფილ კოლონიურ ერებში ვხვდები, როგორიც ინდოეთი და აფრიკის ქვეყნებია“.
გერმანელი ენათმეცნიერი გამოეხმაურა მისი სახელით გავრცელებულ ნაყალბებ ტექსტსა და მასზე საზოგადოების ნაწილის რეაქციას. ქართულად ჩაწერილ ვიდეომიმართვაში იოსტ გიპერტი ამბობს, რომ აუცილებლად მიმართავს სასამართლოს, რათა დაისაჯონ ცრუ ინფორმაციის შემთხზველები და გამავრცელებლები.
იოსტ გიპერტი: „ამ გზას მივმართავ არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეურაცხყოფილი ვარ ჩემი სახელის ბოროტად გამოყენებით, არამედ იმიტომაც, რომ მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ მოქალაქეს, რომელთაც დაუსაბუთებლად აყენებენ შეურაცხყოფას ან ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ მათ შესახებ. ამ ქმედებით მინდა ხელი შევუწყო თანამედროვე და დემოკრატიულ საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის მიუღებელია ცილისწამების ეს ფორმა და მომხდარს განვიხილავ როგორც ერთ კონკრეტულ ქმედებას კონკრეტული ადამიანის მიერ განხორციელებულს. გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩემს მიმართ განხორციელებული აგრესია და ადეკვატური რეაგირება აღნიშნული ფაქტის გამო. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ქართველი ერისადმი და განვაცხადო, რომ ის სიყვარული და აღფრთოვანება, რომელიც ახალგაზრდობაში დამეუფლა ქართული ანბანისა და ქართული მწერლობის მიმართ, დღემდე არ გამნელებია და დღემდე დიდი სიამოვნებით ვიკვლევ მას. ქართული კულტურა მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი განსაკუთრებული და განუმეორებელი ნაწილია“ .
იოსტ გიპერტის სახელი კარგად არის ნაცნობი ქართველი მეცნიერებისთვის, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია თანამშრომლობენ გერმანელ კოლეგასთან. ესენია: თამაზ გამყრელიძე, მზექალა შანიძე, ვახტანგ იმნაიშვილი, ზურაბ სარჯველაძე, ზაზა ალექსიძე, დამანა მელიქიშვილი, თედო უთურგაიძე, იზა ჩანტლაძე და სხვ.
გერმანელ მეცნიერს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ქართველი კოლეგები. ერთ-ერთი მთგანია იზა ჩანტლაძე, ფილოლოგიის დოქტორი, ილიას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უვადო მთავარი მეცნიერთანამშრომელი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი ქართველოლოგიაში.
ქართველი ენათმეცნიერის წერილს გთავაზობთ უცვლელად:
ძვირფასო ბატონო იოსტ!
უმორჩილესად გთხოვთ, როგორმე არ ინერვიულოთ, ყველა ქვეყანასა და ყოველ ერში გამოერევა ხოლმე ერთი შემარცხვენელი. ეს თქვენ შესანიშნავად იცით როგორც გერმანიის, ისე საქართველოს მაგალითზე:
ათიოდე წლის წინ ქართული ენის კათედრის დოცენტის, ქალბატონი ნანა სააკაძის ქალიშვილს, რომელიც იმხანად ფრანკფურტიდან საკმაოდ დაშორებულ გეოგრაფიულ პუნქტში მუშაობდა, ერთმა გერმანელმა შეურაცხყოფის მიყენება დაუპირა. როგორც კი გაცნობეთ ამის შესახებ, მაშინვე ყველა საქმე გადადეთ და გოგონას დასახმარებლად გაეშურეთ. თქვენ რომ არა, შესაძლოა ის ახალგაზრდა დღეს ცოცხალიც კი აღარ ყოფილიყო. ღრმად გწამდეთ, ასევე მოვიქცევით ჩვენც და ქართველი ერის შემარცხვენელ ანონიმ ავტორს მალე კუდით ქვას ვასროლინებთ უთქვენოდ.
რატომ არ ფიქრობს მავანი იმას, რომ უთქვენოდ „ვენური პალიმფსესტი“ არ იარსებებდა?! ვინც უნდა აღმოჩნდეს თქვენი განმაქიქებელი (აკადემიკოსიც რომ იყოს!!!), მაინც ძალიან მკაცრად ვკითხავ მას: ნეტავ თუ იცით თქვენ, რომ იყო დრო, როცა ქართულ პალიმფსესტურ ხელნაწერებს ივანე ჯავახიშვილის, აკაკი შანიძისა და თითოოროლა მანუსკრიპტოლოგის გარდა ვერავინ კითხულობდა, ახლა კი ბატონი იოსტის ელექტრონული მეთოდოლოგიის წყალობით ნებისმიერ განათლებულ ადამიანს შეუძლია ქართველი ერის საამაყო ძეგლების გაშიფვრა?!
1954 წელს ბატონი აკაკი დიდი გულისტკივილით წერდა: სვანეთის ბურჯის, ბესარიონ ნიჟარაძის 802 გვერდიანი „ქართულ-სვანურ-რუსული ლექსიკონის“ ხელნაწერი 1912 წელს შეიძინა რუსეთის მეცნიერებათა საიმპერატორო აკადემიამ, მაგრამ მაინც დღემდე გამოუცემელიაო. უშგულში სამეცნიერო მივლინებით ყოფნისას თქვენ გაიცანით მისი უახლოესი ნათესავი, თბილისის საელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთანამშრომელი ლელა ნიჟარაძე, რომელსაც აღმოაჩნდა ხსენებული ხელნაწერის ერთ-ერთი პირი, მაგრამ მას არ ჰქონდა არანაირი ფინანსური შესაძლებლობა ლექსიკონის დაბეჭდვისა. თქვენ მაშინვე შეუდექით ამ დიდებულ საქმეს და როგორც მეცნიერებმა, ისე სვანებმა მივიღეთ უძვირფასესი საჩუქარი 2007 წელს.
გასული საუკუნის 90-იან წლებში უმძიმესი სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია გახლდათ საქართველოში. გაყინულები, ნახევრად მშიერ-მწყურვალნი, არათბილი ტანსაცმლით ვატარებდით ლექციებს და ვისხედით საწერ მაგიდებთან, მაგრამ მაინც თავდადებით ვმუშაობდით. ეს უმალვე იგრძნო ბატონმა იოსტმა და ქართველი მეცნიერები ჩაგვრთო არმაზისა და Volkswagen’ის პროექტებში წლების მანძილზე, რამაც მართლაც მოგვათქმევინა სული. ახლა მე და ჩემი მოწაფეები (პროფესორები ქეთევან მარგიანი-სუბარი და რუსუდან იოსელიანი) ვმუშაობთ დიდებულ გერმანელ ეთნო-ლინგვისტთან ერთად „ზემოსვანური მორფემული ლექსიკონის“ შექმნაზე, რაც პირველად კეთდება. სვანებს კი არა, თურმე გერმანელებსაც კი არ ჰქონიათ ჯერჯერობით ამგვარი ნაშრომი. ბატონი იოსტი არა მხოლოდ უცხოურ მეთოდოლოგიებს გვაცნობს ფრანკფურტში, თბილისში, ბათუმსა თუ მესტიაში, არამედ მან შეგვიდგინა ჩვენი დიდი მოძღვართმოძღვრების მიერ ადრე გამოცემული პროზაული და პოეტური ტექსტების ყველა ლექსემისა თუ გრამატიკული ფორმის ინდექსი, რომლის საშუალებითაც კარგა ხანია უკან მოვიტოვეთ წიგნებიდან მასალების ბარათებზე ამოწერისთვის საჭირო დიდი დრო და აუტანელი შრომა.
პროფესორ იოსტ გიპერტს საოცრად ვუყვარვართ ქართველები. მხოლოდ ერთ ფაქტს გავიხსენებ:
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამ რამდენიმე წლის წინ ბატონი იოსტი აირჩია თავის საპატიო პროფესორად. ოფიციალური ნაწილის შემდეგ, ცხადია, ქართული ტრადიცია არ დაგვირღვევია და ძვირფასი სტუმარი სუფრასთან მივიპატიჟეთ მშვენიერი ქალაქის ერთ-ერთ წალკოტში. როცა ჩემი სადღეგრძელოს ჯერი დადგა, მან მასპინძლებს დაასწრო და აღფრთოვანებით თქვა: ქალბატონი იზა სვანეთის ანგელოზია და აჭარის ცისკრის ვარსკვლავიო. ყველა გაოცებული შესცქეროდა ორატორს; მე იმასაც კი ვერ მივხვდი, შექებისთვის მადლობა მაინც გადამეხადა და უნებლიეთ წამომცდა: _ ბატონო იოსტ, ასეთი ბრწყინვალე ქართული ვინ გასწავლათ-მეთქი...
ვინც ჩვენს ამ მცირე ჩანახატს წაიკითხავს, სრულიად უცხო კაციც კი, აუცილებლად იტყვის: გამორიცხულია პროფესორმა იოსტ გიპერტმა რაიმე ნეგატიური აზრი თქვას და დაბეჭდოს კი არა, არამედ ოდნავ მაინც გაივლოს გულში საქართველოს შესახებ.
არასდროს დამავიწყდება პროფესორების: ვინფრიდ ბოედერის, იოსტ გიპერტის, ჯანრი კაშიას და აკადემიკოს ავთანდილ არაბულის სტუმრობა ეროვნული კულტურის სკოლაში „კაი ყმა“(სკოლა ,,აკადემოსი"), რომელიც ჩემი დაარსებული გახლავთ. მეხუთე კლასელებმა ქართულ და გერმანულ ენებზე ბრწყინვალედ წარმოადგინეს ერთ-ერთი სცენა ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანიდან“. სტუმრებს ძალიან მოეწონათ როგორც ინსცენირება, ისე მოსწავლეთა მეტყველება ორივე ენაზე და ბევრიც იცინეს. ლუარსაბ თათქარიძის როლის მაშინდელი შემსრულებელი დღეს ჩვენი სათაყვანო პატრიარქის გამორჩეული სტიქაროსანია.
იზა ჩანტლაძე
ფილოლოგიის დოქტორი, ილიას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი,თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უვადო მთავარი მეცნიერთანამშრომელი,იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი ქართველოლოგიაში