ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ პოლიციისთვის დამატებითი უფლებების მინიჭება მის ავტორიტეტს დასცემს და საბჭოთა მილიციას დაამსგავსებს. ამის შესახებ განცხადება ვეფხვაძემ დღეს სეისიაზე პოლიციის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის პროექტის განხილვისას გააკეთა.
აღნიშნული კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები _ ლაშა თორდია, კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან. მათ მიერ წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, პოლიციას ენიჭება დამატებითი უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ პოლიციას, "გონივრული ეჭვის" საფუძველზე, საშუალება ექნება, მოქალაქეები ყოველგვარი ნებართვის გარეშე გააჩეროს ქუჩაში და ჩაატაროს ზედაპირული დათვალიერება. აღნიშნულ ნორმას ვეფხვაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ვინაიდან მიაჩნია, რომ ეს დამატებითი უფლებაა და პოლიციის ხელში აღმოჩნდება უკონტროლო მექზნიზმი, რაც საბოლოო ჯამში ისევ პოლიციის ავტორიტეტზე იმოქმედებს უარყოფითად.
"საბოლოდ მივიღებთ იმას, რომ პოლიციის ავტორიტეტი შეილახება და დაემსგავსება საბჭოთა მილიციას", - განაცხადა ვეფხვაძემ.