საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი გაიხსნება.
სათანადო დოკუმენტის რატიფიცირება პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოახდინა.
ნატოსა და საქართველოს შორის ნატოს სამეკავშირეო ოფისის შექმნის, სტატუსისა და პერსონალის შესახებ" შეთანხმება ნატოს მხრიდან ხელმოწერილია 23 აგვისტოს, ხოლო საქართველოს მხრიდან - 2 სექტემბერს. პროექტის თანახმად, სამეკავშირეო ოფისს და მის პერსონალს "დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ" ვენის 1961 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ, რაც მათი სისხლის სამართლებრივი იურისდიქციის, საგადასახადო და საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
სამეკავშირეო ოფისის ძირითადი დანიშნულება ნატოსა და საქართველოს კომისიის ხელშეწყობა და შემდგომი განვითარება იქნება.
ოფისის გახსნასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ალიანსი გაიღებს, ქართულ მხარეს კი მხოლოდ ოფისისთვის ფართის გამოყოფის ვალდებულება ეკისრება.