"ქრისტიან დემოკრატები" საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობას აკრიტიკებენ და ბორდს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის გია ჭანტურია გადარჩევის რეკომენდაციით მიმართავენ. ამის შესახებ განცხადება, დღეს სესიაზე ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ გააკეთა.
როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პროცესი, რაც გამოიხატება საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებაში და ამის შესახებ საზოგადეოების დიდი ნაწილი ინფორმირებული არ არის. ამაში კი სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს ადანაშაულებს.
"ჩვენ ისედაც ვამბობდით, რომ საკონსტიტუციო პროექტის საზოგადოებრივი განხილვისათვსი აგვისტოს თვე არ იყო შესაფერისი მომენტი და ეს დაადასტურა კვლევებმა. რადგან, საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის თუ რა საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იყო აღნიშნულ საკითხზე გაემართა თოქ შოუები, რაც არ მომხდარა და საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს თემა სათანადოდ არც კი გაუშუქებია", - აცხადებს ლევან ვეფხვაძე და მიიჩნევს, რომ ამაზე პასუხი სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა უნდა აგოს.
"მას არ ეყო პოლიტიკური უნარი გამოერჩია ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხი", - განაცხადა ვეფხვაძემ.
იმის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის გადაყენება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეუძლია ვეფხვაძე მიმართავს ბორდს, რომ დააყენოს მაუწყებლის გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი და იმედოვნებს, რომ მათი მიმართვა ბორდისგან ადეკვატურად იქნება აღქმული.