საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის განაცხადებით, ბაქოში მიმდინარე ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტს მოეწერება ხელი.
"ბაქოში მიმდინარე ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში პრეზიდენტი რიგ შეხვედრებს გამართვას რუმინეთის პირველ პირსა და უნგრეთის პრემიერ მინისტრთან. ასევე სამიტის ფარგლებში მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს მოიეწერება ხელი", - განაცხადა მანჯგალაძემ.
როროგრც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი აზებაიჯანში გუშინ გაემგზავრა. იგი უკვე შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევს.
შეგახსენებთ, 2010 წლის 13 აპრილს ბუქარესტში, საქართველომ, აზერბაიჯანმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს "გათხევადებული ბუნებრივი გაზის და მისი ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ~, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში გაზის გამათხევადებელი, ხოლო რუმინეთში რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობას.
პროექტის მიხედვით, გაზის გამათხევადებელი ტერმინალი საქართველოში, სავარაუდოდ, ყულევში აშენდება. პროექტის ღირებულება, წინასწარი გათვლებით, 4-6 მლრდ ევროს შეადგენს.
პროექტის თანახმად, საქართველოდან გათხევადებული გაზის რუმინეთში ტრანსპორტირება მოხდება. რუმინეთში გათხევადებული გაზი მიიღებს ისევ ბუნებრივი გაზის სახეს და შემდგომ ის განკუთვნილი იქნება ევროპული ქვეყნების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.