საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ საქმეთა საკითხებში, პიერ ლელუშმა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თორნიკე გორდაძე, ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე სასაუბროდ.
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, პიერ ლელუშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიერ წამოწყებული რეფორმების გატარებასა და ქვეყნის მოდერნიზაციის, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთერთობების განვითარების საკითხებში. მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ივლისში, ბათუმში საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაწყებული მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე ნათლად უჩვენებს ევროკავშირისა და საფრანგეთის სურვილზე ხელი შეუწყონ რუსულ-ქართული კონფლიქტის მოგვარებას.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების შ-300-ების განთავსებასთან დაკავშირებით მინისტრმა ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე გაიმეორა საფრანგეთის პოზიცია, რომელიც 2010 წლის აგვისტოში დააფიქსირა საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა: ეს განთავსება ხელს არ უწყობს ამ რეგიონის სტაბილურობას. საფრანგეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს თავშეკავებისაკენ და 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების სრულად შესრულებისაკენ.
მასალის გამოყენების პირობები