„გამორიცხულია ამ ორი მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება“ - ეს განცხადება, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა TBC ბანკზე საუბრისას გააკეთა. მინისტრი ამბობს, რომ ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები და ანაკლიის პორტის პროექტი ერთმანეთთან კავშირში არ არის და ისინი ერთ კონტექსტში არ უნდა განიხილებოდეს.
მთავრობის წევრები არ იზიარებენ ოპონენტების მოსაზრებებს, რომ TBC ბანკისა და მისი დამფუძნებლების მიმართ მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება.
„გამორიცხულია ამ ორი მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება, ეს ე.წ. TBC-თან დაკავშირებული კითხვის ნიშნები, რომლებიც მოგვარდა და ეს არ იყო TBC-თან დაკავშირებული, ეს იყო რაღაც კონკრეტულ ტრანზაქციაზე კითხვები. მე მგონი მოგვარებულია, TBC-იმ ჯარიმა გადაიხადა, ეროვნული ბანკის მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა. თქვენ რომ ნახოთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რა მოხდა, ნახავთ, რომ TBC-ის აქციები არა თუ დაუბრუნდა თავდაპირველ ნიშნულს, არამედ უფრო გაიზარდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ინსტიტუცია არის მყარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ანაკლიასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება, ყველა არსებული თუ პოტენციური ინვესტორის იქნება მხოლოდ და მხოლოდ დაფუძნებული იმაზე, თუ რამდენად მომგებიანი და მიზანშეწონილია ეს პროექტი,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.