დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუმინეთის პირველი პირები, ბაქოში, ევროპაში გაზის ტრანსპორტირების საკითხებზე იმსჯელებენ.
მიხეილ სააკშვილის, ილჰამ ალიევისა და ტრაიან ბესესკუს შეხვედრამდე, 6 სექტემბერს, ბაქოში სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. ხოლო 13 სექტემბერს სამივე ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრა შედგა.
შეგახსენებთ, 2010 წლის 13 აპრილს ბუქარესტში, საქართველომ, აზერბაიჯანმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს "გათხევადებული ბუნებრივი გაზის და მისი ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ~, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში გაზის გამათხევადებელი, ხოლო რუმინეთში რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობას.
პროექტის მიხედვით, გაზის გამათხევადებელი ტერმინალი საქართველოში, სავარაუდოდ, ყულევში აშენდება. პროექტის ღირებულება, წინასწარი გათვლებით, 4-6 მლრდ ევროს შეადგენს.
პროექტის თანახმად, საქართველოდან გათხევადებული გაზის რუმინეთში ტრანსპორტირება მოხდება. რუმინეთში გათხევადებული გაზი მიიღებს ისევ ბუნებრივი გაზის სახეს და შემდგომ ის განკუთვნილი იქნება ევროპული ქვეყნების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.