14 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. დავით ბაქრაძე ვაშინგტონში, დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იქნება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტის თავმჯდომარეები.
ფორუმს გახსნის დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პრეზიდენტი ემანუელიზ ზინგერისი, ფორუმს დაესწრებიან ევროპარლამენტის პრეზიდენტი ჯერსი ბუზეკი, აშშ-ის კონგრესის სპიკერი ნენსი პელოსი, ასევე ლიტვის პარლამენტის სპიკერი ირენა დეგუტიენე, მოლდავეთის პარლამენტის თავმჯდომარე მიხაი ღიმპუ, პოლონეთის სენატის თავმჯდომარის მოადგილე - ზბიგნევ რომაზევსკი.
დისკუსია წარიმართება აშშ-ის სენატისა და კონგრესის წევრების მონაწილეობით. ფორუმს მოწვეული სპიკერის სტატუსით დაესწრება მაიკალ მაკფოლი, აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე და უსაფრთხოების საბჭოს დირექტორი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში.
დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის) ფორუმი მოისმენს საგანგებო მოხსენებას მონგოლეთის პრეზიდენტის ცასიაგიინ ელბეგდორჯის, რომელიც 2011-2013 წლებში სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფორუმის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
ბაქრაძეს ვაშინგტონში ვიზიტისას შეხვედრები ექნება სენატორებთან და კონგრესმენებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. დაგეგმილია ბაქრაძის საჯარო გამოსვლა სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში.
19 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნიუ-იორკში გაემგზავრება და შეხვედრებს გამართავს ინვესტორებთან და მონაწილეობას მიიღებს გაეროს ეგიდით დაგეგმილ სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების მაღალი დონის შეხვედრაზე, სადაც ათასწლეულის განვითარების ამოცანები იქნება განხილული. 21 სექტემბერს კი ბაქრაძე დაესწრება საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) სამიტს, სახელწოდებით "ათასწლეულის განვითარების ამოცანების, პოლიტიკის და გეგმების საპარლამენტო მხარდაჭერის მობილიზაცია".