საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საკონსტიტუცო ცვლილებებთან დაკავშირებით გამოთქმული ყველა ლოგიკური შენიშვნისა და წინადადების განხილვა მოხდება.
როგორც ბაქრაძემ საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომის დაწყების წინ განაცხადა, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რომელ შენიშვნას გაითვალისწინებს კომისია, თუმცა ყველა შენიშვნა, რომელსაც ლოგიკური დასაბუთება აქვს, სხდომაზე გავა.
"მე მხარი დავუჭირე ორგანული კანონის ამოღებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვას, რადგან როგორც ოპოზიცია ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები დასაბუთებულად მოითხოვენ აღნიშნული საკითხის განხილვას. ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, დარჩება თუ არა ორგანული კანონი კონსტიტუციაში. ეს საკითხი კომისიის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდება. ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით და ტენქიკურ საკითხებზე", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, შემაჯამებელი შეხვედრის მთავარი მიზანი სწორედ თვე-ნახევრის განმავლობაში კონსტიტუციის ახალი პროექტის შესახებ შემოსული შენიშვნების დეტალური განხილვაა. ამასთან, როგორ უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, დღევანდელ საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება საკუთრების დაცვის უფლების გაძლიერება, რითიც განსაკუთრებით ინვესტორები არიან დაინტერესებულები.