საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი კონსტიტუციის ახალი კანონპროექტიდან ორგანული კანონის ამოღებას მხარს არ დაუჭერს. როგორც დემეტრაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე განიხილება ის რეკომენდაციები და შენიშვნები, რომლებიც თვე-ნახევრის განმავლობაში საჯარო განხილვის დროს გამოითქვა.
"შენიშვნები გამოთქმულია ორგანული კანონის ამოღებასთან დაკავშირებით, ასევე საგამოძიებო კომისიის ძველი რეგულაციით შენარჩუნებაზე და სხვა საკითხებზე. პირადად მე შემაჯამებელ სხდომაზე დავაყენებ საკითხს, რომ ორგანული კანონის ამოღება არ მოხდეს, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც არის", - აღნიშნა დემეტრაშვილმა.
მისი თქმით კონსტიტუციის ახალ კანონპროექტში რიგი ცვლილებები შევა, თუმცა ეს პროექტს არსებითად არ შეცვლის.