ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ტრანსპლანტოლოგთა გუნდმა 9 წლის გოგონას ღვიძლი გადაუნერგა. აუტო იმუნური ჰეპატიტის დიაგნოზით დაავადებულ პაციენტს ღვიძლი დედამ მისცა. 10 საათიანი ურთულესი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა, პაციენტი და დონორი თავს კარგად გრძნობენ და პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას სახლში გადიან.
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი საქართველოში პირველი სამედიცინო ცენტრია, სადაც ქართველმა ექიმებმა ღვიძლის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია განახორციელეს. ჰოსპიტალს საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის ამ მიმართულებით ყველაზე დიდი კლინიკური გამოცდილება აქვს. ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში დღემდე ღვიძლის გადანერგვის 24 წარმატებული ოპერაცია განხორციელდა.