სომალელი მეკობრეების მიერ დაკავებული 15 ქართველი მეზღვაური კვლავ ტყვეობაში რჩება. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის სერგი კაპანაძის ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურების შესახებ ბოლო ინფორმაცია 11 სექტემბერს მიიღეს და ისინი თავს კარგად გრძნობს.
"ჩვენი ინფორმაციით, მოკობრეები გამოსასყიდთან დაკავშირებით ჯერ არავის არ დაკავშირებიან და არც მათი განთავისუფლებისთვის თანხა არ დაუსახელებით. ბოლო ინფორმაციით, მეკობრეები დაკავებულ მესაზღვრებთან ერთად სომალის სანაპიროზე მოძრაობენ", - განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს სომალელმა მეკობრეებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი გაიტაცეს, რომელზეც საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფება. ევროკავშირს მეთაურობით შექმნილი მეკობრეობის წინააღმდეგ ოპერაციის სარდლობის (EUNAVFOR Somalia - Operation Atalanta) საიტის ინფორმაციით, გემზე ასევე იმყოფება თურქეთის სამი მოქალაქე. გემზე თავდასხმა ადენის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გემი დადგენილი ნორმების მიხედვით სამოქალაქო ხომალდებისთვის განკუთვნილ დერეფანში მიცურავდა. სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებულ გემზე მყოფი საქართველოს 15 მოქალაქის გათავისუფლების საქმეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართო. მისივე თქმით, ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს თურქეთის მხარესთანაც. როგორც ცნობილია, 2010 წელს სომალის სანაპიროებთან მეკობრეობის 139 ინცინდენტია დაფიქსირებული. 26 აგვისტოს მონაცემებით, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა მეკობრეებმა ხელში ჩაიგდეს 30 გემი, მათგან 17 გემი და 450 მეზღვაური ახლაც ტყვეობაში იმყოფება.