დღეს, 13 სექტემბერს, 13:00 საათზე, "შერატონ მეტეხი პალასში", საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის IV ყრილობა გაიმართება. Yყრილობაზე ასოციაციის პრეზიდენტს და აღმასრულებელ საბჭოს აირჩევენ, ასევე განისაზღვრება ასოციაციის საქმიანობის მომავალი პრიორიტეტები. ყრილობას დაესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე.
დღესვე გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტსა და თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციას შორის.
საქართველოს ეროვნული თვითმმართველობის ასოციაცია არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა და საქართველოს ყველა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს აერთიანებს. ასოციაციის ძირითად მიზანს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, თვითმმართველობის ინსტიტუტის გაძლიერება და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს.