დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო.
სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. ამ ეტაპზე, 18 და 31-მეტრიანი კოჭების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც ჯამში 42 ერთეულია.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა.
„ავჭალაში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ფაქტობრივად, ახალი ხიდების მშენებლობის პროექტი ხორციელდება, რადგან არსებული ხიდები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. სამუშაოები შარშან დაიწყო და მაისისთვის დასრულდება. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია და მისი ღირებულება დაახლოებით, რვა მილიონ ლარს შეადგენს. ტერიტორიის ორივე მხარე ყოველმხრივ მოწესრიგდება და ავტომობილით გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს - როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს სრული დემონტაჟი ჩაუტარდება. არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენდა, ახალი ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებს და ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 057 871 ლარი დაიხარჯება.
სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში შალვა ოგბაიძე გაეცნენ.