უახლოეს მომავალში, აფხაზეთში, 1991-1992 წლებში მიმდინარე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლების მოძიების ქართული და აფხაზური სახელმწიფო კომისიების ოფიციალური შეხვედრა გაიმართება.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 სექტემბერს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის გალში უკვე გაიმართა რიგგარეშე შეხვედრა, რომელსაც აფხაზური მხრიდან გალის რაიონში რესპუბლისკის ე.წ. პრეზიდენტის ე.წ რწმუნებული, რუსლან ქიშმარია ესწრებოდა. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეები მომდევნო რიგგარეშე შეხვედრის ჩატარების თარიღზე შეთანხმდნენ - "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, კომისიების წარმომადგენლებს შორის მეორე რიგგარეშე შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება, შემდეგ კი კომისიებს შორის უკვე ოფიციალური შეხვედრაც ჩატარდება.
ცნობისათვის, აღნიშნული რიგგარეშე შეხვედრა აფხაზური მხარის ინიციატივით განხორციელდა. 1991-1992 წლებში მიმდინარე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლების მოძიების სახელმწიფო კომისიას აფხაზ კოლეგებთან კავშირი 2003 წლიდან მოყოლებული არ ჰქონია.
სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ბაბუშერას სასაფლაოდან ქართველი ჯარისკაცების გადმოსვენების დეტალებზე ისაუბრეს. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, აღნიშნულ სასაფლაოზე 100-დე ქართველი ჯარისკაცის ცხედარი რჩება. სწორედ მათი გადმოსვენების დეტალებზე იქნება მსჯელობა კომისიების მომდევნო შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, სეპარატისტულ აფხაზეთში 1992-1993 წ.წ. მიმდინარე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიების ე.წ. სახელმწიფო კომისიამ მუშაობა განაახლა. სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერის ლეონიდ ლაკერბაიას თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ კომისიის მუშაობა შეწყვეტილი იყო. კომისიის მონაცემებით, 1992-1993 წ.წ. მიმდინარე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულია 200-მდე ადამიანი.
ცნობისათვის, 1991-1992 წლებში მიმდინარე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლების მოძიების სახელმწიფო კომისიის მონაცემებით, 90-იანი წლების დასაწყისში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად 850 ქართველი ჯარისკაცი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.