მოსკოვში წუხელ აჭარის შს მინისტრის ყოფილი მოადგილე 45 წლის ელგუჯა ჯინჭარაძე, ზედმეტსახელად "რემბო" მოკლეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მკვლელობა დაახლოებით ღამის 01:00 საათზე ტარას შევჩენკოს სახელობის სანაპიროზე, სასტუმრო "უკრაინის" წინ მოხდა.
თვითმხილველთა თქმით, ჯინჭარაძე ქუჩაში ორ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც ასევე თვითმხილველთა თქმით კავკასიელებს ჰგავდნენ. მათივე ინფორმაციით, მამაკაცების საუბრის დროს დავა წარმოიქმნა, რის შემდეგაც ჯინჭარაძის ერთ ერთმა მხლებელმა იარაღი ამოიღო და მას ზურგში ესროლა. აჭარის შს მინისტრის ყოფილი მოადგილე სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე იმ ავტომობილის პოვნა შეძლეს, რომელზეც ბოროტმოქმედები მიიმალნენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ტაქსი იყო, რომელმაც ორი მამაკაცი რუბლიოვსკის გზატკეცილთან ჩამოსვა.
შემთხვევის ადგილზე ამჟამად ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი მუშაობს. მათივე ინფორმაციით, დედაქალაქში მოქმედებს გეგმა "პერეხვატი" და საქმეში ჩართულია ვერტმფრენიც.
რუსული მედია ასევე აღნიშნავს, რომ ელგუჯა ჯინჭარაძის სახელი ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი 2004 წელს ე.წ. აჭარის კრიზისის დროს გახდა, მაშინ როდესაც აჭარის მაშინდელი ლიდერი ასლან აბაშიძე და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირების პერიოდი იყო. იმ მომენტში ჯინჭარაძე თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა და თბილისში გაემგზავრა, ყოფილი თანამებრძოლის - ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად.
ბოლო დროს იგი მოსკოვის ოლქში დაასხლება დუბკიში ცხოვრობდა.
აღსანიშნავია, რომ ელგუჯა ჯინჭარაძე, ბიზნესმენ მამუკა ჯინჭარაძის ძმა იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ ასევე მოსკოვში მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები