თქვენს შემთხვევაში ძალიან ბევრი კითხვები დაგროვდა, რაზეც ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ნაცვლად სინანულისა, კადნიერად და უსინდისოდ ეწევით ცილისწამებას, ილანძღებით და ფარისევლობთ, - ნათქვამია ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს განცხადებაში, რომლითაც ის სხალთს მთავარეპისკოპოსს, სპირიდონს პასუხობს.
„მე როგორც სინოდის წევრს, ჩემი სინდისი მავალდებულებს ხმა აღვიმაღლო ამ უსამართლობისა, უზნეობისა და უპრინციპობის წინააღმდეგ. თქვენ კი ბრალს მდებთ, რომ თითქოს სხვის დავალებას ვასრულებ და ვახმოვანებ. ეჭვი მიჩნდება რომ სინდისის ხმას არასოდეს აყოლილხართ ან არ შეუწუხებიხართ და არ განგიცდიათ სინდისის ზეწოლა ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ. და რა დოზითაც ჩაერიეთ 80-იანი წლების ბოლოს ეკლესიისა და მცხეთის სასულიერო სემინარიის შიდა საქმეებში, როგორც ჩანს ეს არ იყო არც რწმენით, არც სინდისის ხმით ნაკარნახევი და არც ეროვნული სულისკვეთებით გამოწვეული. ეჭვი მაქვს, რომ სინდისი როგორც პატარა ღმერთი არ გაგაჩნიათ. ამიტომ აძლევთ თავს ამდენის უფლებას, სინდისი გარეშე კი ადამიანი ნამდვილად არის ცოცხალ-მკვდარი!, - ნათქვამია მეუფე პეტრეს განცხადებაში.
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი საეკლესიო სასამართლოს ითხოვს და მეზობელმა ეპისკოპოსებს მოუწოდებს ექვსი თვის ვადაში განიხილონ სხალთელი მთავარეპისკოპოსის, სპირიდონის ქმედებები.
„კართაგენის საეკლესიო კრების თანახმად ვითხოვ საეკლესიო სასამართლოს, სადაც იქნება განხილული ყველა ბრალდება და იმ შემთხვევაში თუ არ დამტკიცდება კათედრა უნდა დატოვოთ (კართაგენის 100 კან.) ასევე ვითხოვ ექვსი თვის ვადაში თქვენი ქმედებების განხილვა წარმოებაში მიიღონ მეზობელმა ეპისკოპოსებმა (იხ. კართაგენის 121 კან.) ერში შფოთის, დავისა და გაუგებრობის ასაცილებლად.
თქვენი საგარეო პოლიტიკური სიმპატიები კი მახსენებს მიტროპოლიტ დიმიტრი აბაშიძეს, როდესაც საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლის ჟამს ამბობდა: ,,დაიჭირეთ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდი და საქართველოში ავტოკეფალია აღარავის გაახსენდება’’, მისი ადგილი კი ისტორიული სამართლიანობით სამშობლოში ნამდვილად არ დარჩა…
უსინდისობის შემთხვევაში ძალიან მარტივია ადამიანი დაადანაშაულო და ქამის მსგავს პიროვნებას შეადარო, რომელმაც მამას დასცინა. წარმოუდგენელია ვერ გაგერჩიათ ჩემი გულისტკივილით ნათქვამ სიტყვა ცინიზმისაგან!
როგორც წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, ადამიანი რომ განკურნო უნდა იცოდე რითია დასნეულებული: ზედმეტი მხურვალებისაგან თუ პირიქით - ზედმეტი სიგრილისაგან. თქვენს შემთხვევაში ფარისევლობის მხურვალებას ვხედავთ და დაგროვილი პრობლემებისადმი გულგრილობას. თქვენზეა ნათქვამი უფლის სიტყვები: ,,მშვილდივით მოუზიდავთ ენა სიცრუისთვის და უმართლობით მტკიცდებიან ამ ქვეყანაზე, რადგან სიავიდან სიავისკენ მიიწევენ, მე კი არ მცნობენ” (იერემია 9. 3.).
თქვენს სიტყვებს რომ მივენდოთ ეკლესიაში თითქოს ყველაფერი წესრიგშია, გაბრწყინვებამდე ცოტა გვაკლია და სადაცაა აღთქმულ ქვეყანაში შევალთ. წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ეპოქაშიც რუის-ურბნისის კრების მოწვევამდე შეიძლება ბევრი სასულიერო თუ საერო პირი ფიქრობდა ასე…
რჯულის კანონის მიხედვით: ,,არ უნდა გვეგონოს, რომ მხოლოდ დრო არის საკმარისი განკურნებისათვის, რადგან კურნებას დრო კი არ მოიტანს, არამედ მთავარია ნება და არჩევანი მისი, რომელსაც სურს მოიქცეს, და ისწრაფვის, განიკურნოს თავი… მე მწამს, რომ ამ წერილს მიიღებ როგორც წმინდა ნიშანს და ძღვენს არ შეურაცხყოფ. თუნდ შენს მაღალგონიერებაზე დაბლა იდგეს იგი”, - ნათქვამია განცხადებაში.
სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა, 15 იანვრის ქადაგებაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე გააკრიტიკა. მისი უკმაყოფილება მეუფე პეტრეს განცხადებებმა გამოიწვია იმის შესახებ, რომ "პატრიარქის მწყემსი კეთილობა მითია".
“უგუნური ხარ, ჭკუა დაკარგული გაქვს. ვისი რუპორი ხარ - ვისაც უნდა, რომ საქართველოს ეკლესიაში შფოთი ატეხოს. ვინ არის ეს? - კარგად ვიცი, ვინც არის - ვინც ტრანსგენდერობას და ბოდიში და პიდარასტობას ჰომოსექსუალობას მთელ მსოფლიოში აკანონებს და ახლა მიიღეს ის კანონები, რომ თუ ტრანსგენდერებზე ცუდ რამეს იტყვის, ციხეში გაგიშვებთო. ახლა დაბადების მოწმობაში აღარ უწერენ არც ქალს, არც კაცს - რო გაიზრდება, თვითონ გაარკვევს, ქალია თუ კაციაო. იმათ უნდათ, რომ ეკლესიაში შფოთი იყოს, ისინი სწამებენ ეკლესიას ცილს და შენც მაგათი რუპორი ხარ. გეუბნები, ჩემო ძამიკო, შენ უნდა გიტარონ ცოცხალთათვის პანაშვიდი”, - თქვა ქადაგებისას სხალთის მთავარეპირსკოპოსმა სპირიდონმა.