ენერგოომბუდსმენმა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო. სალომე ვარდიაშვილი ავთანდილის ქუჩაზე შექმნილ ვითარებას გუშინ გვიან ღამემდე ადგილზე ეცნობოდა. ინფორმაცია ენერგოომბუდსმენის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.
"პირველადი სავარაუდო დასკვნის თანახმად, ბუნებრივი გაზის გაჟონვა და დაგროვება საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მოხდა, სადაც ოჯახის წევრები და მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ.
ენერგოომბუდსმენი ახსნა-განმარტებას შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისისგან" მოითხოვს. თანმიმდევრულად იქნება შესწავლილი კორპუსის ბუნებრივი გაზის ქსელზე დაერთების პროცედურები.
ენერგოომბუდსმენის ინტერესს აგრეთვე წარმოადგენს, რატომ ვერ აღმოაჩინა გაჟონვის ადგილი შემოწმებაზე მისულმა ტექნიკოსმა. სავარაუდოდ იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი, რომელსაც იმედია, პასუხი გაეცემა საგამოძიებო უწყების მხრიდან.
ამავდროულად, აუცილებლად მიგვაჩნია, შევეხოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის მოწყობის რეგულურება. მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით, არსებული რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს, ვინაიდან ის არ არის შესრულებული ლიცენზირებული კომპანიების მიერ და მომსახურე კომპანიას უწევს ჩაიბაროს ის ისეთი სახით, როგორც მშენებელმა წარმოუდგინა. ძალიან ხშირად შიდა ქსელზე დაშვებული შეცდომები ხდება საფრთხის წყარო.
ბოლო პერიოდში დატრიალებული ტრაგედიები ნათლად მიგვანიშნებს სისტემურ პრობლემებზე, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსურად.
ენერგოომბუდსმენის მიერ საჭირო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, შესაძლებელი გახდება საკითხის ანალიზირება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, 16 აინვარს 20:30 საათზე მოხდა. 8-სართულიან კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, დაზიანებულია 6 სართული. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნი. დაშავებულია 8 ადამიანი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. კორსპუსის მცხოვრებლების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ “ყაზტრანსგაზ თბილისის“ თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.