დიდ დიღომში, ტრაგედიის ადგილზე, სხვადსხვა სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. გარდა ამისა, უნდა მოხდეს დაზიანებული კორპუსების მდგრადობის შესწავლა.
ადგილზე მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც შესწავლის შემდეგ დადებენ დასკვნას, არის თუ არა კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხო.
„ვნახოთ არსებული კონსტრუქციები რამდენად საიმედოა. რამე პრობლემა შეექმნება თუ არა მოსახლეს მერე. სარია სვეტები და რიგელები, მანდ არის დაზიანებული ტიხრები და კედლები, რომელიც შევსებაა ამ სვეტების",-ამბობს თბილისის მერიის წარმომადგენელი ზურა ზედგენიძე.
აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, 16 აინვარს 20:30 საათზე მოხდა. 8-სართულიან კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, დაზიანებულია 6 სართული. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნი. დაშავებულია 8 ადამიანი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. კორსპუსის მცხოვრებლების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ “ყაზტრანსგაზ თბილისის“ თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.