წელს ამბასადორიალი, წინა წელთან შედარებით, უკეთესად იყო ორგანიზებული და ელჩებიც მომზადებულები იყვნენ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ეს არ ყოფილა ხელმძღვანელების შეხვედრა თანამშრომლებთან და მხოლოდ დავალებების მიცემა. ამბასადორიალი დიალოგის რეჟიმში წარიმართა.
"ქართველმა ელჩებმა ის პრობლემები გაგვაცნეს, რაც მათ აწუხებდათ და ჩვენი მხრიდნ მიიღეს დავალებები. აღსანიშნავია პრეზიდენტ სააკაშვილთან მათი შეხვედრა, სადაც ძირითადი პრიორიტეტები დაისახა. ძირითადი ამოცანა არის სამართლებრივი ბაზის შექმნა, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება. ასევე კულტურული, სამეცნიერო და სავაჭრო ურთიერთობების კუთხით გააქტიურება. ეკონომკურ პრიორიტეტად რჩება ინვესტიციების მოზიდვა", - განაცხადა მინისტრმა.
მისი შეფასებით, ქვეყანას ეკონომიკის განვითარება სჭირდება, რაც იქნება ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის გარანტია. ამასთან აუცილებელია ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაწყდეს.
"ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა გადავწყვიტოთ, რითიც მოვიგებთ შეჯიბრს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან. ასევე აუცილებელია უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტიების შექმნა და საქართველო მაქსიმალურად სწრაფი ტემპით უნდა მისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, ნატოსკენ", _ აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, არსებობს საკითხები, რომლის გადაჭრაც მეზობლებთან ერთად უნდა მოხდეს. ვაშაძის განცხადებით, აუცილებელია საქართველომ აწარმოოს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს იმ რეგიონებთან ურთიერთობის დამყარებას, რომლებთანაც დღემდე არ გვქონდა, კერძოდ, ლათინურ ამერიკასთან, აზიასთან და აფრიკასთნ.
ამ წუთებში ამბასადორიალზე შემაჯამებელი სიტყვით გრიგოლ ვაშაძე გამოდის, რის შემდეგაც სამდღიანი ღონისძიება ოფიციალურად დაიხურება. ამბასადორიალის ფარგლებში დღეს, 20:00 საათზე, სასტუმრო "მეტეხის ჩრდილში" საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ელჩების მიღება გაიმართება.