პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, აუცილებელია, ელჩებმა იმუშაონ იმ მიმართულებით, რომ საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი იმიჯი შექმნან. ამის შესახებ ქართველ ელჩებთან შეხვედრის დაწყებამდე ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"დღევანდელ შეხვედრაზე ელჩებს მივაწვდი ინფორმაციას, თუ რა რეფორმები ხორციელდება ქვეყანაში. ასევე ქვეყნის პრიორიტეტად რჩება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით რუსული ოკუპაციის დამთავრება", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ამბასადორიალზე საუბარი იქნება ასევე ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაზე და ელჩების მიერ თავიანთ ქვეყნებში სამუშაოს ჩატარებაზე, რომელიც საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის იმიჯს შექმნის.
დღის ბოლოს "რედისონში", ამბასადორიალზე, სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს ელოდებიან, რის შემდეგაც შეხვედრას ოფიციალურად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შემაჯამებელი გამოსვლით დახურავს.