ხვალ, 14 იანვარს, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დავით მათიკაშვილისთვის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დაკისრებაზე იმსჯელებს.
“საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დავალება”, - აღნიშნულია პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელია თანამდებობიდან 2018 წლის 27 დეკემბერს გადადგა. როგორც თავად აღნიშნა, მისი გადადგომა უკავშირდებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას.
მოგვიანებით, 2018 წლის ბოლო დღეს, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძე აირჩიეს. სწორედ გედევან ფოფხაძეს უნდა შეესრულებინა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობა, თუმცა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ფოფხაძე თანამდებობიდან გაიწვია.